ვაკის გამგეობის ინიციატივით, რაიონის ტერიტორიაზე არსებული ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
გზის საფარი N1 ბაგა-ბაღის - ფალიაშვილის N38 ა-ში, N27 საბავშვო ბაღის - შავიშვილის N5-ში და N83 ბაღის ეზოში - ვაჟა-ფშაველას N49-ში განახლდა. ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას N71-სა და ნუცუბიძის V მიკრორაიონში მდებარე N85 და N201 ბაღების ეზოებში.
ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი სამუშაოების შედეგებს გაეცნენ და საბავშვო ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
„ვაკის რაიონის გამგეობამ გასულ წელს გზის საფარი სამი ბაღის ეზოში განაახლა. მიმდინარე წელს კი საგზაო ინფრასტრუქტურა ხუთი საბავშვო ბაღის ეზოში მოვაწესრიგეთ. ასევე, განვათავსეთ საპარკე სკამები. შემდგომში, ბაღების გადაწყვეტილებით, საბავშვო მოედნებზე რბილი საფარი დაიგება. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარია ბავშვებზე და მათ უსაფრთხოებაზე. აღნიშნულ ბაღებში გზის საფარი ათობით წლის განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში კი, დაარსებიდან არ განახლებულა“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.
აღსანიშნავია, რომ N27 საბავშვო ბაღში 500 აღსაზრდელი სწავლობს, N83 ბაღში - 433 ბავშვი, N85-ში - 312 აღსაზრდელი, N201-ში და N1-ში კი, 177 და 408 აღსაზრდელი.