თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიას ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ და არგუმენტირებულად საუბრისკენ მოუწოდა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვისას მან აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ დაყენებული საკითხები, არაერთხელ იქნა განხილული კომისიების სხდომებზე.
„ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს, რომლებიც არ ეხება გენერალურ გეგმას. ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგი კომისიებთან არ ჰქონია, არც კი ესწრებოდნენ განხილვებს და ისეთი საკითხები გამოაქვთ, რომელიც უკვე განხილული და შეთანხმებულია. ამიტომ არასერიოზულია მათი დამოკიდებულება,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს წევრმა გენერალური გეგმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ დოკუმენტით ვამბობთ არის ის, რომ ქალაქი აქამდე გაუაზრებლად ვითარდებოდა და აბსოლუტურად მორგებული იყო კონკრეტული ადამიანების ინტერესებს. გენერალური გეგმით ეს ვითარება რადიკალურად იცვლება და ხვალიდან ჩვენ მივიღებთ განვითარების ისეთ სისტემას, სადაც ამის დაშვება შეუძლებელია,“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.