სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა, - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ფასების გაძვირების გამო საარსებო მინიმუმი მუდმივად იზრდება, ოჯახების შემოსავალი კი არ იმატებს, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა.
„სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა, პრაქტიკულად, ქაღალდზე დარჩა. სარგებელს ასითასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროგრამაში 2018 წელს მხოლოდ 22,000 ადამიანი ჩართო. პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. როგორც “ევროპული საქართველოს” მიერ პროგრამის შესწავლამ გამოავლინა, 2018 წელს პროგრამით სულ 22,000-მა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო ბიუჯეტის გათვალისწინებული ისედაც მწირი თანხები აუთვისებელი დარჩა. 2017 წელს პროგრამით მხოლოდ 13,000-მა მოქალაქემ ისარგებლა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს სულ 1.7 მლნ ლარი დახარჯა და პროგრამის 10 მლნ ლარის ბიუჯეტიდან 8 მლნ ლარამდე თანხა აუთვისებელი დარჩა. “არადა რამდენი ადამიანის დახმარება შეიძლებოდა ამ თანხით, რომ არა სამინისტროს გაუმართავი მენეჯმენტი,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, საჭიროა არა ასეთი ცალკე პროგრამა, არამედ ჯანდაცვის პაკეტებში მედიკამენტის კომპონენტის დამატება.
“უკიდურესად გაჭირვებული ათიათასობით ადამიანისათვის გაძვირებულ მედიკამენტებებზე ხელმისაწვდომობა ვერ გაიზრდება, თუ მათთვის განკუთვნილ ჯანდაცვის პაკეტებში წამლის კომპონენტი არ შევიდა. მაგრამ აქ რომ ყაირათიანი ხარჯვა და სწორი ადმინისტრირება მოხდეს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა ჯანდაცვის სამინისტროდან სადაზღვევო კომპანიებზე უნდა გადავიდეს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ.
„ჯერ კიდევ 2015 წელს იყო ცნობილი ჯანდაცვის სამინისტროსათვის, რომ ყოველ მოქალაქეს საშუალოდ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხიდან 57%-ის გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევს. ჯიბიდან გადახდების 2/3-ს მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს“, - განაცხადა ჭაიბერაშვილმა.