„ვენეციის კომისიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, მიიღო თხოვნა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამ თხოვნას სწრაფად შეასრულებს, რადგან აცნობიერებს რომ უზენაესი სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს სრული შემადგენლობა“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში, რომელიც კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯანი ბუკიკიო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებასთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნას ადასტურებს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს მოსამართლეთა მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურაზე დაყრდნობით დანიშვნის მნიშვნელობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
“ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა სტატუსი არ დარჩეს განუსაზღვრელი ზედმეტად დიდი დროის განმავლობაში. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმებსა და პროცედურებზე დაყრდნობით, აუცილებელია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.
ჯანი ბუკიკიო მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სურვილს, მჭიდროდ ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან.
„მივესალმები საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ითანამშრომლოს ვენეციის კომისიასთან, რათა განისაზღვროს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმები და პროცედურები, “- ნათქვამია ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.