იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის პოსტის დატოვებას არ გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მან მედიაშ გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ უარყო და დასძინა, რომ საკითხმა, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს მსჯელობა მთავრობაში, შესაძლოა მისი თანამდებობიდან წასვლა განაპირობოს.
„პირველ რიგში, შემიძლია ვთქვა, რომ არა, არ გადავმდგარვარ. თუმცა არის ოთხი-ხუთი დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია და მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება, თუნდაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეს. ეს არის საკითხი, რომელიც არის ჩემს თვალში, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი ჩემთვის და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი, თანამდებობა არ არის ფასეული“, – განაცხადა წულუკიანმა.