ხვალ, 15 სექტემბერს, მუცოს ხეობაში ავტოკატასტროფის დროს დაღუპული ბერდია არაბულისა და სოფიო ღოღობერიძის ხსოვნას პატივსაცემად აქცია მოეწყობა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ვარდანაშვილმა აცნობა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტის გეოგრაფიის მიმართულება, თსუ-ის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური და ტურისტული სააგენტო "თებულოტური" დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში აქციას აწყობს, რომელიც ხევსურეთის ავტოკატასტროფის დროს დაღუპული თსუ-ის კურსდამთავრებულების, ბერდია არაბულისა და სოფიო ღოღობერიძის ხსოვნას ეძღვნება.
15 სექტემბერს ბარისახოს სკოლა პანსიონის 1-ელ კლასში შედის ბერდია არაბულის შვილი, გაგა არაბული. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზატორები პირველკლასელებს შეხვდებიან და საჩუქრებს გადასცემენ.
შეგახსენებთ, რომ მუცოს ხეობაში უბედური შემთხვევა 22 ივლისს, საღამოს მოხდა. "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა. შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა.
გარდაცვლილთა შორის არიან პოეტის, შატილის თემის საკრებულოს წევრის, გელა დაიაურის მეუღლე და შვილები, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლისდა. გელა დაიაური და მისი ცოლისძმა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი, ავარიის დროს მსუბუქად დაშავდნენ.