პოლიტიკური გაერთიანება გირჩი, “გირჩი” მიმართავს ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად სახეებს:
“"თი ბი სი-ს დამფუძნებლების გარშემო რაც ხდება, არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური და არა სამართლებრივი პროცესი. საქმეში არ არსებობს მომჩივანი დაზარალებული და სრულიად გაუგებარია რას და რატომ იძიებს 11 წლის წინანდელ საქმეში პროკურატურა. ამავე დროს, ცხადზე ცხადია რომ ვითომ კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი სახელწოდებით „ეროვნული ბანკი“, იქცა ხელისუფლების მორიგ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, რომელსაც იმის უნარიც კი არ შესწევს რომ საჯაროდ ახსნას საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსი. რა ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეთ თი ბი სი-ს დამფუძნებლებს, ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანისთვის ნათელია რომ ამ კონკრეტულ საქმეში მათთან მიმართებაში სახელმწიფო იქცევა უსამართლოდ.
ამ ფონზე თქვენი დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა,რომ სინამდვილეშო:
თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს იაფად ხელში ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მონიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა. სახელმწიფოს ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ფასი როგორც ბიზნესმენების, არის ნული.
თქვენ გაქვთ საბჭოთა 'ცეხავიკის' ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები.
თქვენ ხართ ფარისევლები, გაერთიანებული სხვადასხვა ბიზნეს-ასოციაცია-ფედერაციებში ვითომ ბიზნესის ინტერესების დასაცავად, რომელთა რეალური დანიშნულება იმ პერიოდის ხელისუფლების ნებისმიერი იდიოტური, მათ შორის თქვენთვისვე საზიანო წამოწყებების უტიფარი გაპრავება და მოქალაქეების ზურგსუკან პირადი ინტერესების ლობირებაა.
თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც 'პოლიტიკაში არ ვერევით' გზავნილს ამოფარებულები სინამდვილეში 24/7 ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია.
გვესმის რომ ისტორიული გამოცდილება და არსებული რეალობა გიბიძგებთ იყოთ ასეთები, მაგრამ ეს ვერ ამართლებს თქვენს ასეთ გულისამრევ ყოფას.
პ.ს. დიდი ხანია გვინდოდა თქვენთვის ამის თქმა.", - წერია გირჩის მიმართვაში.