ახალი ევროპის კონცეფცია – „ყველასათვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. ეს გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ სხვადასხვა სიჩქარით წინ მიმავალ ევროპაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
„ახლახან, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა 27 ქვეყანას, ევროკავშირის ქვეყნებს საგანგებოდ მიმართა და შესთავაზა ახალი ევროპის კონცეფცია – „ყველასათვის ღია ევროპა“, რომელიც გაფართოებისა და გაწევრიანების არსებული მოდელების გადააზრებას მოითხოვს. ეს გვიხსნის ახალ გზებს, რათა უშუალოდ ჩავერთოთ სხვადასხვა სიჩქარით წინ მიმავალ ევროპაში. ასეთ გზაზე, ნაწილობრივ უკვე ვდგავართ. გავხდით მთელი რიგი პროგრამებისა და ფორმატების მონაწილე და მივისწრაფვით სხვა მიმართულებებში ჩართვისკენ. ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ შესვლის გამოცდილება გვაქვს განათლების, უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. ვართ ევროპოლის სრულყოფილი წევრი, ვითხოვთ, რომ საქართველო სრულფასოვნად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის კულტურულ სივრცეში. ჩვენს მიმართ მაღალია მზადყოფნა პარტნიორების მხრიდან, რათა გაითვალისწინონ ჩვენი, როგორც ასოცირებულ ქვეყნებს შორის, ყველაზე წარმატებული წევრის განსაკუთრებული პოზიცია. პრემიერის შეხვედრები ბრიუსელში, სწორედ ამას ადასტურებს.
ამ მზადყოფნის დასტურია ევროპელი პარტნიორების მიერ ატაცებული ჩვენი გზავნილი - „მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა – საქართველოში. ასევე, პოზიტიური განწყობის ნიშანია მათ მიერ დაანონსებული, მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მონაწილეობა ბათუმის კონფერენციაში, სადაც საქართველოს საკუთარი პოზიციების დროულად წარდგენის შანსი ეძლევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.