ვერ დავივიწყებ, კახში, ისტორიულ ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა უცხოეთში მისი პირველი ვიზიტები მიმოიხილა.
„როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატო-ს ვესტუმრე, შემდეგ ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანას და პარტნიორს, საფრანგეთსა და გერმანიას. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მოვინახულე ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც შორეულ ავღანეთში თავიანთი პროფესიონალიზმით და სიმამაცით საქართველოს ასახელებენ. ქაბულში შევხვდი ავღანეთის პრეზიდენტს. ჩვენს რეგიონში კი პირველი ვიზიტით მეგობარ და მეზობელ აზერბაიჯანს ვეწვიე. ვერ დავივიწყებ, კახში, ისტორიულ ჰერეთის მოსახლეობის დახვედრას.ზოგჯერ თავს ვიტყუებით ილუზიებით და მცდარი წარმოდგენებით. ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენი რეალური მიღწევების დაჯერება. გარეთაც უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომი. ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს. ეს ჩემთვის საამაყო იყო. მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.