სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების, ამომრჩეველზე ზეწოლის, მასობრივი მოსყიდვის სიმბოლო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას არ აქვს ხალხის მანდატი და სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და არ ესწრება მის გამოსვლას პარლამენტში.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების, არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით. არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის ენა და ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველო იყენებს პოლიტიკური ბოიკოტის უფლებას და ჩვენ, პროტესტის ნიშნად, არ ვაპირებთ დავესწროთ დღეს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, რადგან სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო იმ არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი და ეს არჩევნები არ იყო ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვა. მიგვაჩნია ეს არის ერთადერთი მორალურად და პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი“, - განაცხადა ბაქრაძემ.