საქართველოს პრეზიდენტს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის
„საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 6 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები. პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.