ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი იქნება, - ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ პარტიაში გიორგი ვოლსკის შეცვლის. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ გიორგი ვოლსკი ახალშექმნილ თანამდებობაზე გადაინაცვლებს და ის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გახდება.
„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოვიღეთ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი.
აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.