ჰელსინკში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის რეფორმას და გაეროს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ხელისუფლების როლს. თამარ ტალიაშვილმა ურბანულ სივრცეში ეკოლოგიური გამოწვევების ეფექტიანი მართვის საშუალებად ,,ღია მმართველობის’’ ფორმატი დაასახელა. მან თბილისის მაგალითზე კონგრესის ბიუროს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და ეფექტიანი კომუნიკაციით გარემოსდაცვითი რეფორმის გატარების პრაქტიკა გააცნო.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მის მიერ თბილისის პრაქტიკის გაზიარებას დიდი ინტერესი მოჰყვა და სტრასბურგში დაგეგმილი სხდომის ფარგლებში საკითხის განხილვის წინადადება მიიღო.
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო ევროსაბჭოს სამომავალი პერსპექტივებზე რეზოლუციის პროექტი. ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიურო იმსჯელებს თურქეთსა და ალბანეთში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის გაგზავნაზე.