გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
19, 25 და 26 თებერვალს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 20 თებერვალს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.ქუთაისსა და ქ.ბათუმში- 1.3-ჯერ. 21 თებერვალს ქ.რუსთავში- 1.2-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.4-ჯერ, ქ.ბათუმში 1.6-ჯერ, ხოლო ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ. 22 თებერვალს ქ.ქუთაისში 1.6-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში-1.3-ჯერ. 23 თებერვალს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ.ბათუმში 1.5-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში 2.3-ჯერ. 24 თებერვალს ქ.თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ქ. ქუთაისში-1.6-ჯერ.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში - უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის I მიკრორაიონი, N35 ბაგა-ბაღთან, გლდანის I მიკრორაიონი, ა.ბოჭორიშვილის ქ.N57, N39-ე საჯარო სკოლასთან, გლდანის I მიკრორაიონი, N79-ე საჯარო სკოლასთან, გლდანის III მიკრორაიონი, N173-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სამინისტროს პორტალზე www.air.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.