გადავწყვიტეთ, მივცეთ მითითება საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საზღვარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლონ მუშაობა და ეს სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან ერობლივი განცხადებების გაკეთებისას.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში ,,ზაგულბა“ გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები. დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.