„არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს შეწყალების საკითხი ვინმეს მხრიდან გახდეს ზეწოლის თემა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა სამართლებრივ დონეზე შეწყალების წესის მკაცრ რეგულაციებში მოქცევა. შეწყალების წესი ისე უნდა გაიწეროს, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და საზოგადოებაში ამაღლდეს ნდობა შეწყალების კომისიის მიმართ“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიცულ პრესკონფერენციაზე.
მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შეწყალების კომისიის საკითხს. მისივე თქმით, საჭიროა კომისია დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი კადრებით.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით შეწყალება. მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უჩნდება უსამართლობის განცდა და მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება.