დღეს, 14 სექტემბერს ახალი საეკლესიო წელი იწყება.
ახალი საეკლესიო წელის დაწყებასთან დაკავშირებით ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძარში ელოდებიან, სადაც პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წმიდა ეკლესია "ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს" შესთხოვს, "აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა".
ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები წაიკითხა: "სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული".
312 წლის 14 სექტემბერს კი კონსტანტინე დიდის მიერ მაქსენციუსის დამარცხების შემდეგ ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.