საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიხსნა გამოფენა „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში“, რომელიც საქართველოში ლიეტუვის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ორგანიზებით იმართება.
ექსპოზიცია გახსნეს: ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა და ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორმა დარიუს ჟიჟისმა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიეტუვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული ამიერკავკასიაში ლიეტუვის წარმომადგენლობის საქმიანობის, საქართველოსა და ლიეტუვის საერთაშორისო და კულტურული ურთიერთობის, ორი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, სახელმწიფო სიმბოლოების, პირველი მთავრობების მუშაობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, ასევე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღდგენის აქტები.
100 წლის წინ, 1919 წლის იანვარში, ლიეტუვის წარმომადგენლობამ თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. ორივე ქვეყნისთვის ეს იყო რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ლიეტუვის სახელმწიფოს წარმომადგენელი ამიერკავკასიაში პრანას დაილიდე გახდა.
ისევე როგორც დღეს, 100 წლის წინაც, ლიეტუვა და საქართველო ერთი მიზნისკენ ისწარფოდნენ. ორი ქვეყნის დელეგაციები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აღიარების მოპოვებას ცდილობდნენ.
ლიეტუვასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, სამწუხაროდ, 1921 წელს საბჭოთა ძალების მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო შეწყდა. იმავე წლის თებერვალში პრანას დაილიდემ თბილისი დატოვა. ლიეტუვამ სხვა ქვეყნებთან ერთად გააპროტესტა საქართველოს ოკუპაცია. თბილისში ლიეტუვის საკონსულო 1922 წლის მაისამდე ფუნქციონირებდა.
1991 წელს საქართველომ ლიეტუვა დე იურედ აღიარა, 1994 წელს კი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამოფენა 17 მარტამდე გაგრძელდება.
დასწრება თავისუფალია.