მიშელ უელბეკი დღეს 63 წლის გახდა. ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი (ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომა) 1956 წლის 26 თებერვალს დაიბადა.
მიშელ უელბეკი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. იგი ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად.
ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში. აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”, სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი. რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია, ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება, რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება.
1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში ბრძოლის ველის განვრცობა. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.
პირველი რომანი, ბრძოლის ველის განვრცობა, რომელიც თავიდან ბევრმა გამომცემელმა დაიწუნა, 1994 წელს გამოიცა და უდიდესი წარმატება ჰხვდა წილად, განსაკუთრებით ახალ თაობაში. 1999 წელს საფრანგეთში, ფილიპ ჰარელის მიერ რომანი ფილმად იქნა გადაღებული, ხოლო 2000 წელს დანიაში ჟან ალბინუსმა მისი სატელევიზიო დადგმა განახორციელა.
უელბეკის მომდევნო რომანმა, ელემენტარული ნაწილაკები, დიდი სკანდალი გამოიწვია. ნაწარმოებში გატარებული “საეჭვო აზრების” გამო უელბეკი გარიცხულ იქნა პერპენდიკულართა წრიდან. თუმცა ამ აურზაურმა უელბეკის პოპულარობა უფრო გააძლიერა. რომანი დაჯილდოვებულ იქნა ნოემბრის პრემიით.
2005 წელს გამოდის უელბეკის ახალი რომანი, კუნძულის შესაძლებლობა და ინტერალიეს პრემიას იღებს.
უელბეკს ჩაწერილი აქვს სიმღერების ალბომიც, ადამიანური არსებობა და არის ესეების ავტორიც.
2002 წლის 17 სექტემბერს ჟურნალში Lire გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და ამჟამად ესპანეთში ცხოვრობს.