2015 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.
საქართველოს ეროვნული დროშა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში - საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში დაეშვა.
“პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც 1921 წელს წინ აღუდგა საბჭოთა ოკუპაციას და დათმო სიცოცხლე საკუთარი სამშობლოს თავისუფალი მომავლისთვის. ქართული დიპლომატია ყოველთვის დგას მათი ოცნების სადარაჯოზე და იღწვის ჩვენი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად”
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. აღნიშნულ აქციას საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველ წელს უერთდებიან.