"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისში, 18-23 იანვარს დაგეგმილ ლგბტქ პრაიდს ეხმიანება და აცხადებს, რომ არ დაუშვებს ამ ღონისძიების ჩატარებას. ბრეგაძის თქმით, ეს არის "გაუგონარი ტიპის პროვოკაცია, რომელიც მზადდება ქართველი ერის წინააღდეგ" და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ დაუშვან თბილისში ლგბტქ პრაიდის ჩატარება.
"ეს არის გაუგონარი ტიპის პროვოკაცია, რომელიც მზადდება ქართველი ერის წინააღმდეგ... მათ გონიათ რომ ქართული მარში დაიშალა, ქართული მარში სახლში წავიდა და წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ არის...მაშინ როდესაც თბილისში, ცენტრალურ გამზირზე გაიმართება გეი აღლუმი, აი, იქ დამთავრდება თანამედროვე ქართული საზოგადოება, იქ დამთავრდება საქართველოს ისტორია, იქ დამთავრდება ქართველი ერი, იქ გავხდებით ყველას დასაცინები და იქ დამთავრდება მომავალი, რომელიც ჩვენს შვილებს ეკუთვნის", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე ფეისბუკ ლაივში.
სანდრო ბრეგაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, როგორც პრაიდის მონაწილეების, ასევე იმ სპეცრაზმელების წინააღმდეგ, რომლებიც პრაიდის დაცვას შეეცდებიან.
"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას. თუ უნდა სპეცრაზმთან ერთად წამოიყვანოს მამათმავლები და მათთან ერთად შეგვებრძოლოს ჩვენ. არავისი არ გვეშინია. სისხლის ბოლო წვეთამდე შეგებრძოლებით. ბოლომდე დაგიდგებით. ჩვენთვის იქნებით, ისეთივე დამპყრობლები, როგორიც იყო მე-11 არმია, როგორიც იყო ჯალალედინი, როგორიც იყო მურვან ყრუ, როგორიც იყო შაჰ-აბასი და როგორიც იყო აღა-მაჰმად-ხანი ხანი და სხვა მტრები, მოღალატეები. ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის", - აცხადებს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 18-23 ივნისს ლგბტქ პრაიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისი პრაიდის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა. პრაიდის ორგანიზატორების თქმით, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძება გაიმართება. პრაიდის კვირეულს კი ღირსების მარში დაასრულებს, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმებათ.