„ყველამ კარგად ვიცით, როგორ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეკოლოგიაზე, როგორ ემუქრება ადამიანების სიცოცხლეს და მის კეთილდღეობას და რა მასშტაბის ზარალს აყენებს ეკონომიკას. ცხადია, ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება და შესაბამისად, საჭიროა საერთო ძალისხმევის გაერთიანება“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენის პრეზენტაციაზე.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, ქვეყანას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან.
„შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.
ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება. კლიმატის ცვლილება დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.
ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვაქვს წარმოდგენილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი პროექტი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა“, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას, შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი.
„გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლიდან ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც შევუერთდით გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი.
კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება კომპლექსური თემაა და გარკვეულწილად, ფინანსური ტვირთის მატარებელია, საერთაშორისო მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
დაბოლოს, როგორც იცით, მდგრადი განვითარების მიზნები გახლავთ ერთადერთი გლობალური დღის წესრიგი 2030 წლისთვის, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად უნდა იყოს ჩართული და არავინ არ უნდა დარჩეს ამ პროცესის მიღმა“, განმარტა მამუკა ბახტაძემ.