საინიციატივო ჯგუფი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერებს აერთიანებს, პატრიარქს მიმართავს დეკანოზს შეწყალებისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს. საინიციატივო ჯგუფის "დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად" მიმართვა ჟურნალისტებს დღეს მამა გიორგის ადვოკატებმა გააცნეს.
„თქვენო უწმინდესობავ, ბოლო პერიოდში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოების შფოთვის საფუძველი გახდა. მოგეხსენებათ, ოჯახის მხრიდან გამოხატული პროტესტი დღითიდღე მწვავდება. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მსჯავრდებული დეკანოზი მძიმე კლინიკური დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. დღეისთვის მოცემულობა უკვე იმგვარია, რომ საქმე ეხება სასულიერო პირის სიკვდილ-სიცოცხლეს. ამგვარი მოწყვლადი ჯანმრთელობის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სამედიცინო მზრუნველობა ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მისი საპყრობილეში დაბრუნება მის ფიზიკურ სიკვდილს უდრის. მოგმართავთ თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, ვინაიდან თქვენ ფლობთ ეკლესიის მეთაურისა და მწყემსი კეთილის უდიდეს ჰუმანურ მისიას, ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურია, გთხოვთ, უშუამდგომლოთ საქართველოს პრეზიდენტთან მის მიმართ შეწყალების აქტის გამოცემისათვის, რათა ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს გიორგი მამალაძე ცოცხალი დაუბრუნდეს “,- წერია წერილში