ჯანდაცვის მინისტრმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, ის ასევე გაესაუბრა მსჯავრდებული სასულიერო პირის მკურნალ ექიმს.
სერგეენკოს განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მინისტრის თქმით, მამა გიორგი მამალაძე კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, მე მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთიდან ჩართული ვარ ამ შემთხვევის მართვაში და ყველა პარამეტრის და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში იქნა ჩატარებული. მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზეც კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, მე საქმის კურსში ვარ”, - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.