ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი გიგა ზედანიას თანამდებობის დატოვებისთვის ვადას უწესებს. სტუდენტები განმარტავენ, რომ თუ რექტორი 22:00 საათამდე არ გადადგება, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. აღნიშნული განცხადება სტუდენტებმა 14 თებერვალს გაავრცელეს და მოუწოდეს განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდეს.
განცხადებაში სტუდენტები ამბობენ, რომ ილიაუნში მმართველობა ცენტრალიზებულია და სტუდენტები გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულნი არ არიან.
რექტორის გათავისუფლება სტუდენტებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გიგა ზედანიასთან შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. ისინი ბიზნესსკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენასა და დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვდნენ.
რაც შეეხება ადმინისტრაციას, რექტორის მოადგილე, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ სტუდენტთა ეს განცხადება არაგულწრფელია.
სტუდენტების მოთხოვნას ილიაუნის რექტორის მოადგილემ, ნინო დობორჯგინიძემ უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ულტიმატუმებით საუბარი დაუშვებელია, რექტორის გადაყენების მოთხოვნა კი არასერიოზული. მისი თქმით, აკადემიური საბჭო ორშაბათს შეიკრიბება და დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდება. “ეს არის ნამდვილად მიუღებელი და, სიმართლე გითხრათ, მე ამ სტუდენტების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება” – თქვა სატელევიზო ინტერვიუში ნინო დობორჯგინიძემ.