ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონში, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი განთავსდება. 850 კვ.მ ფართობზე დაიდგმება დასასვენებელი სკამები, დამონტაჟდება ლამპიონები და მოეწყობა დეკორატიული ღობე. სკვერში ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები.
სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ირაკლი აბუსერიძესთან და ლევან დავითაშვილთან ერთად, მოსახლეობას წარუდგინა და დაგეგმილ სამუშაოებზე იმსჯელა.
„წლის დასაწყისში, რაიონში ოთხი ახალი სკვერის მოწყობას ვიწყებთ. ყველა მათგანი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა. ჩვენი მიზანია, პროცესში ადგილობრივები აქტიურად ჩავრთოთ, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ და მათ საცხოვრებელ სახლებთან ლამაზი, მოწესრიგებული და კომფორტული რეკრეაციული სივრცეები შევქმნათ. ვაზისუბნის სკვერი გაზაფხულისთვის დასრულდება და აქ ჯანსაღი ცხოვრებისა და დასვენებისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა“ , - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 78 215 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები მომდევნო კვირაში დაიწყება.