თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ თათია ჯანჯღავას სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
„2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ. სასამართლომ ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს, ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწ ქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია. შემდგომ, თ.ჯ.-მ მეგობარ ნ.თ.-სთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი”, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.