თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციიის ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, 2019 წელს თბილისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი, რომელთა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერით ხდება, რაც დაახლოებით 100 მილიონ ლარს შეადგენს.
„მინდა მადლობა ვუთხრა მერიას და მის წარმომადგენლებს, რომ არ კარგავენ არც ერთ წუთს და წელს თბილისის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ მაღალია და ის მილიარდ ლარს აჭარბებს. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ტრანსფერი, რომელიც ამ პროექტების განსახორციელებლად არის განსაზღვრული, როგორც წესი წლის შუა პერიოდში ირიცხება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის აქტიური პერიოდი ზაფხულია, საჭიროა ტენდერები დროულად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ ძალიან აქტიურად იმუშავა საფინანსო სექტორთან სპეცტრანსფერის მიღებამდე, გახსნას საკრედიტო ხაზი 62 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მოგვცემს წინასწარი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობას“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ეს არის ალტერნატიული ფინანსური რესურსი, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა, გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია, ორბელიანის და გუდიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია, მეტეხის ხიდთან არსებული ისტორიული ხიდის აღდგენა, უახლოეს პერიოდში დაიწყოს.