„ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლოს სისტემაში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
„დღეს, მაგალითად, იცით, რომ 300 მოსამართლეა დაახლოებით სასამართლო სისტემაში და ამ პირობებშიც უჭირს სასამართლოს მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობას იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, იმიტომ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი, მისი მიღების შემთხვევაში თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. ყველაფერს ვნახავთ, განვიხილავთ. ავწონ-დავწონით და ამის საფუძველზე, კოლეგებთან ერთად, მივიღებთ, ბუნებრივია, გადაწყვეტილებას”- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.
„სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არის მთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხ თვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.