სპორტული განათლების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა. მისი განცხადებით, 2012 წლიდან დაიწყო ზრუნვა სპორტის განვითარებაზე. „ეს იყო ქვეყნის პოლიტიკური ნება. სპორტული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენად დიდ დატვირთვას ატარებს ქვეყნისთვის სპორტი, რათა არ მივიღოთ ისეთი პრეცენდენტები, იმ დაავადებების უდიდესი ნაწილი, რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი ხელისუფლების პირობებში აღდგენილი იქნა სპორტის უნივერსიტეტი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება სჭირდება. მისი თქმით, ცუდი მდგომარეობაა ფიზიკური აღზრდის პედაგოგობებთან დაკავშირებით, რაც განაპირობა სპორტის აკადემიის გაუქმებამ 2012 წლამდე. „ისეთი მძიმე ზიანი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაყენა სპორტს არც ერთ სფეროში არ ყოფილა. მათ გააუქმეს ყველა სპორტული სკოლა, სპორტის აკადემია, სპორტის კოლეჯი, ყველა პედაგოგიურ ინსტიტუტში სპორტის ფაკულტეტი. გარკვეული წლები დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მისი თქმით, აუცილებელია სპორტი ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურულ ერთეულად, რადგან სპორტში არის დიდი გამოწვევები და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. „ეს არის ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.