ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა და მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეზოლუციის ინიცირება მოხდა აშშ-ის კონგრესში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ კონგრესი სულ ახალი შეკრებილია, - ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესისადმი წარდგენილი რეზოლუციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობა თანმიმდევრულად გრძელდება და მას მრავალმხრივი გამოვლინება აქვს.
„ჩვენი პარტნიორობა კვლავაც გაგრძელდება. საქართველოს ჰყავს კარგი მეგობრები, როგორც ამერიკის კონგრესში, ისე - აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საქართველოს მთავრობა მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ყველა აღიარება, რაც არსებობს ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, არის საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის აბსოლუტური, ფუნდამენტური დარღვევა და საზოგადოება და მთელი მსოფლიო ამას არასოდეს შეეგუება, - განაცხადა ჩიქოვანმა.
აშშ-ის კონგრესს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარედგინა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.