აშშ-ის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ფრანსის რუნის მიერ წარდგენილია რეზოლუცია, რომელიც გმობს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მტკიცე პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან და ჩვენს იმ საერთო პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც გაყინული კონფლიქტების სახით რუსეთმა წარმოქმნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის რეგიონებში. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ამის წინააღმდეგ საქართველოს მხარდამხარ ყველა შესაძლო გზით", - ამის შესახებ კონგრესმენმა ფრანსის რუნიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კონგრესმენის თქმით, აშშ აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ მიაღწია. მისი განცხადებით, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას.
“რეზოლუცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქართველოს რთულ მდგომარეობას და იმ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს საქართველოსთვის და როცა ხმის მიცემის დრო დგება, ცხადი ხდება თუ რატომ უნდა მისცენ ხმა საქართველო- აშშ-ს ურთიერთობების მხარდამჭერ კანონპროექტს“ - აღნიშნა ფრანსის რუნიმ.