ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი გურჯაანის მერიაში თანამშრომლების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მერმა არჩილ ხანდამაშვილმა თანამშრომელი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ის ქუჩაში მას მიესალმა.
„ერთადერთი, რის გამოც ქალბატონი იზო განთავისუფლდა სამსახურიდან ეს არის, რომ მან ქუჩაში გამარჯობა უთხრა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს ამ შემთხვევაში მე და საუბრობდა ჩემთან. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, თუ რა პრინციპით ხდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კადრების შერჩევა,“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
თავად იზოლდა ხარაზიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის მერთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა როდესაც მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ინტერვიუ მისცა.
დღეს ენმ-მ აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც მერი მიუთითებს იზოლდა ხარაზიშვილს, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს და ამის მიზეზად ოპოზიციასთან მის კავშირს ასახელებს.