სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მე მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე, - ასე პასუხობს ეკა ბესელია ქართული ოცნების გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, რომელმაც ე.წ. ამბოხებულებს დღეს ღია კარისკენ მიუთითა.
"მე არ ვარ სტუმრად არსად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. სტუმარს შეიძლება, უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდიო, მაგრამ სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის - მიბრძანდიო, მე მგონი, ცოტა ანომალიასთან გვაქვს საქმე. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ასე რომ, არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", - ამბობს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ის გუნდის დატოვებას აპირებს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ვისაც სურვილი აქვს გუნდის დატოვების, კარი არის ღია“.