ხვალ, 5 თებერვალს, ვაკის მედაითეკაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინია მაჭარაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.
მემორანდუმი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას უნივერსიტეტს შორის შემდგომ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. უკვე დაგეგმილია ორი პროექტი, რომლებიც 1 მარტიდან აიღებს სტარტს: ვაკის მედიათეკის ვერანდაზე მოეწყობა „სამეცნიერო კაფე", რომლის ფარგლებშიც, კვირაში ერთხელ, სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორები სხვადასხვა დარგობრივ ლექციებს ჩაატარებენ. ლექციების კურსზე დასწრება თავისუფალი იქნება, სტუმრებს ვერანდის მყუდრო გარემო და ცხელი სასმელი დახვდება. ასევე ვარკეთილის მედიათეკაში გაიხსნება საკვირაო სკოლა აბიტურიენტებისთვის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს ორ საგანში. გაკვეთილებზე დასწრება აბიტურიენტებისთვის თავისუფალი იქნება.
აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა უახლოეს მომავალში დაიდება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე.