დღეს, 12 სექტემბერს, 13.00 საათზე, წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გაიმართება, რომლის შემდგომ, იქ მოწვეული საზოგადოება, მწერლები და საზოგადო მოღვაწენი საგურამოს სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც მათ საშუალება მიეცემათ კიდევ ერთხელ გაიხსენონ ამ ილიას ცხოვრება და მოღვაწეობა.
აქვე გაიმართება ასევე მწერლების: ზვიად კვარაცხელიას წიგნის "ილია სამეგრელოში" და იონა მეუნარგიას - "თხზულებათა მრავალტომეულის I ტომის" პრეზენტაცია.
გარდა ამისა, საპატიო წოდება "ილიას საგურამოს მუზეუმის მეგობარი" მიენიჭებათ იმ ბიზნესმენთა წრის წარმომადგენლებს, რომლებსაც ამაგი მიუძღვით აღნიშნული მუზეუმის სხვადასხვა სახით დახმარებაში.
საღამოს დაამშვენებენ ანსამბლების : "ქართული ხმებისა" და "ერისიონის" სოლისტების შემოქმედება. ღონისძიებას დაესწრებიან ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.