დღეს, 12 სექტემბერს, (ძვ. სტ. 30 აგვისტოს), ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის მკვლეოლობიდან 103 წელი სრულდება.
თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
საბჭოთა იდეოლოგია ილიას მკვლელობას წლების მანძილზე რუსეთის იმპერატორს აბრალებდა და ყველანაირად ცდილობდა ბოლშევიკების უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გამოსაძიებლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო კომისიაც შექმნეს.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."
1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და წმინდა ილია მართალი უწოდა.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა - მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას - მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ - მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
1848 წელს ილია რაევსკის კერძო პანსიონში მიაბარეს. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა "მოთქმა საწყლისა".
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859 წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: "მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა..."
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა "პირველი დასი".
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - "თერგდალეულთა" ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით. 1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში.
ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.