კიევში, წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ეპიფანეს ინტრონიზაციას უკრაინაში საქართველოს ელჩი გელა დუმბაძე დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 3 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე, დაესწრო ქ. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას. ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები", - ნათქვამია უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 3 თებერვალს, კიევში გაიმართა კიევისა და სრულიად უკრაინის მართმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრის მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიალი.