გიორგი მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან უპრეცედენტო სარჩელი უკვე შევიდა. ევროპის სასამართლო პირველად განიხილავს ქართველი სასულიერო პირის საქმეს.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატებმა საქართველოში ყველა ინსტანციაში დავა ამოწურეს. ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სტრასბურგის გადაწყვეტილებას სასულიერო პირი ე.წ. მატროსოვის ციხეში დაელოდება.
„ჩვენ გვაქვს იმედი, უპირველესად დეკანოზი გამოხატავს რწმენას, რომლისთვისაც სტრასბურგის სასამართლო არის ბოლო იმედი სიმართლის დადგენის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაიზიარებს ჩვენს ხედვას, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების დარღვევას,“ - განაცხადა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ დაკავების თავდაპირველ მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა. აღნიშნულმა არამხოლოდ საზოგადოება, არამედ, პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავიდან უდიდესი უბედურება აიცილა და რომ ეს იყო, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობას გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას. აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია და 2017 წლის 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმის განხილვამ საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9-წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ. დეკანოზ მამალაძის ადვოაკტებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.