"ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფება იმით არის დაკავებული, რომ შიდა გარჩევები როგორმე მოაკვარახჭინოს, თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფოებრიობის და თვითპატივისცემის ბოლო ნიშანწყალი წაგვართვას", - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.
ვაშაძის თქმით, საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივ ან პოლიტიკურ ჭრილში საუბარი არის სრულიად შეუძლებელი.
"საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე სამართლებრივ ან პოლიტიკურ ჭრილში საუბარი არის სრულიად შეუძლებელი, იმიტომ რომ ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურისა და სიმდაბლის რეკორდები მოხსნა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
"საქართველოში დღეს თავისუფლად ცხოვრება კი არა სუნთქვა არის შეუძლებელი იმ სიბინძურის გამო, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან მოედინება. მაშინ როდესაც ჩვენს სახელწმიფოში უმძიმესი, უმძაფრესი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი არის, ე.წ. ხელისუფლება იმით არის დაკავებული, რომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, თავისივე წევრს ებრძვის პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ მოპოვებული ვიდეოჩანაწერით. შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერს ვირუსულად უგზავნის ასეულობით ადამიანს, სახელმწიფოს, ვითომ მართვის ერთადერთი ინსტრუმენტის, ივანიშვილის ერთადერთი ინსტრუმენტის, სუსის მეშვეობით. შემდეგ აკავებს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და წევრებს, იმისათვის, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს გადააბრალოს.
ამ ბოლო რამდენიმე დღეში გაზის გაჟონვით და აფეთქებით, ავტოავარიებში ათეულობით საქართველოს მოქალაქე დაგვეღუპა. საქართველოს მოქალაქის, ქართველის სიცოცხლე არ ღირს აბსოლუტურად არაფრად. არავის აღარ აინტერესებს ადამიანის კეთილდღეობა ან მისი სიცოცხლე", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძემ დასძინა, რომ ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და იმ ადამიანების სახელები, ვინც დანაშაულის ინიციატორი ან შემსრულებელია, საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.