არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„კარგია, რომ გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში არის კონკრეტული შედეგი, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სრულად ის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ გამავრცელებლების გარდა, გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანების კვალზე, ვინც ეს სცენარი დაგეგმა, წაახალისა თუ ბიძგი მისცა ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირა ამ დანაშაულებრივ ქმედებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის შენახვა თუ სხვისთვის გაზიარება არის დასჯადი და უნდა იცოდეს, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად უმძიმესი კატეგორიის დანაშაულია. კარგია, რომ რეაგირების გარკვეული ეტაპი უკვე ვნახეთ, გარკვეული შედეგები არის, თუმცა მთავარი კითხვა საზოგადოების არის - ვინ დგას ამის უკან და რამდენად არის იმის რესურსი, შემკვეთებამდე და ორგანიზატორებამდე მივიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.