იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს უმასპინძლა.
მწერალმა თბილისის მე-2 და 175-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამონარიდები წაუკითხა, ესაუბრა წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა მედიაციის სახლში გაიმართა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ყოველწლიურად უერთდება საერთაშორისო ინიციატივას, რომლის მიზანი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ საქართველოში მეოთხედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით აღინიშნება.