მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11 ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდები 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს - მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოეხსნა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად გამოცდების მოხსნა ორივე დამამთავრებელი კლასისითვის გადაწყდა.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირეული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და ეს სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან შეიცვლება.