31 იანვარს, 19:00 საათზე, ბარი „პოლიტიკის" საგამოფენო სივრცეში გაიმართება მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთის) შესახებ ქალთა ინფორმირებულობაზე საქართველოში პირველად ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია.
ბოლო წლების განმავლობაში, ძუძუს კიბოს მკურნალობის მიზნით მასტექტომიის ოპერაციას საქართველოში ყოველწლიურად ასობით ქალი იკეთებს (ბოლო 3 წლის განმავლობაში, 900-ზე მეტი).
დაახლოებით ბოლო 5 წელია, რაც საქართველოში ძუძუს კიბოზე საუბარი ისეთი სტიგმა აღარ არის, როგორც წლების წინ იყო. თუმცა, ჯერ-ჯერობით, ეს საუბრები მხოლოდ კიბოს დამარცხების კუთხით მიმდინარეობს და არ კეთდება აქცენტი იმაზე, თუ რას გრძნობენ ქალები ძუძუს კიბოს მოკვეთის შემდეგ.
„მასტექტომიაზე ქალთა ინფორმირებულობის კვლევა" მიზნად სწორედ ძუძუს მოკვეთის შემდეგ ქალის შეგრძნებების და მათი ინფორმირებულობის დონის შესწავლას ისახავდა. ამისთვის, კვლევის ავტორებმა ჩაატარეს ჩაღრმავებული ინტერვიუები თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ 15 ქალთან. გამოვლინდა, რომ რესპონდენტების ნაწილი არ იყო ინფორმირებული ოპერაციის და პოსტ-ოპერაციული პროცესების, მოსალოდნელი გართულებების შესახებ, რამდენიმე შემთხვევაში მოხდა მათი, როგორც პაციენტების უფლებების დარღვევა და ასევე, საკმაოდ შეზღუდულია ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა.