სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე შიდა მოკვლევის შედეგები გაასაჯაროვა. აღნიშნული მოკვლევის შედეგად, გამოვლინდა სოციალური მუშაკების სამსახურებრივი გულგრილობა, რის გამოც 4 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, წერეთელმა თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა, მისი მორალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე.
2019 წლის 22 იანვარს თბილისში გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავეს არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
24 იანვარს საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს.