მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი და მათ ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება.
თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. დღესდღეობით, ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია.
2019 წლის აპრილის ბოლომდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შუქნიშნებს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ქვეითთა გადასასვლელებს მოაწყობს შემდეგ ლოკაციებზე: ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების, ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის, წერეთლის გამზირისა და ევდოშვილის ქუჩის, გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის, ლიახვის, ქსნის, გუდამაყრისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების გზაჯვარედინებზე.
წლის ბოლომდე შუქნიშნების ახალი ობიექტები დამონტაჟდება და „ზებრა გადასასვლელები“ დაიხაზება:
- ყაზბეგის გამზირზე, N52 საჯარო სკოლასთან;
- ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
- ცოტნე დადიანის გამზირზე, N4 საჯარო სკოლასთან;
- რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩების გადაკვეთასთან;
- რობაქიძის გამზირზე, მაღაზია „წითელქუდასთან“;
- მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბთან“;
- რუსთავის გზატკეცილის N6-ის მიმდებარედ;
- შანდორ პეტეფის ქუჩაზე, N151 საჯარო სკოლასთან;
- გურამიშვილის გამზირის N15-თან არსებულ საცხოვრებელ სახლთან;
- გორგასალის N111-თან და N111ა-სთან;
ჩამოთვლილ 19-ვე ადგილზე ხიდების დემონტაჟია გათვალისწინებული.