“ჩვენი მიზანია, სათანადო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ხელი შევუწყოთ კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას”, აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრმა მთავარ გამოწვევებად ღირებულებათა ჯაჭვის თითოეული რგოლის გაძლიერება, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ადგილობრივი პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა, იმპორტის ჩანაცვლება, საექსპორტო პროდუქციის ზრდა, ბაზრის დივერსიფიკაცია, მწვანე ეკონომიკის ფარგლებში ბიო წარმოების ხელშეწყობა და საკანონმდებლო რეგულირება დაასახელა.
„იმ არაერთ პროგრამასთან ერთად, რომელსაც ვახორციელებთ, 2019 წლიდან ემატება მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგის და მესაქონლეობის ხელშეწყობის პროექტები, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკის ზრდაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა სამელიორაციო პროექტებზე, მიწის მართვის პოლიტიკაზე, კოოპერაციის წამახალისებელ პროექტებსა და ღვინის სექტორში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, „ტექნოპარკში“, ბრიტანული ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდით იმართება.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.