თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ნებართვის გაუქმებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ინვესტორი იყოს დაინტერესებული ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით, მაგრამ ყველამ, ხელისუფლებამ და ინვესტორებმაც უნდა იცოდნენ, რომ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში მცხოვრებლებს გვაქვს ღირსება და თავმოყვარეობა.
“აუცილებელია, რომ სახელმწიფომ და თვითმმართველობამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესის კეთება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქალაქში დასრულდა ის დრო, როდესაც პირველ რიგში თავად ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა დედაქალაქის ინტერესებს. ჩვენ, თბილისის საკრებულო და დედაქალაქის მერი, ვართ ის ადამიანები, რომლებიც არავის მივცემთ ჩვენი ქალაქის შეურაცხყოფის უფლებას „ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძის თქმით, შეურაცხყოფაა, როდესაც კონკრეტული ჯგუფი ცდილობს ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას. მისივე თქმით. მისივე თქმით, თბილისში საზოგადოებრივი სივრცეების ხელყოფა, სარეკრეაციო ზონების განადგურება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც კიდევ უფრო დაამახინჯებს ქალაქს დასრულდა.
„ინვესტორი, რომელსაც სურვილი აქვს ამ ქალაქში იმუშაოს, ორიენტირებული მხოლოდ კოეფიციენტის გაზრდაზე კი არ უნდა იყოს, არამედ იმაზე თუ როგორ შესძინოს ქალაქს ახალი არქიტექტურული ობიექტი, როგორიც ეკადრება თბილისელებს და ამ ქალაქის ისტორიას. დროა თამასა ავწიოთ. არავის არ ვურჩევ, თბილისთან და თბილისელებთან ულტიმატუმის ენით საუბარს. დარწმუნებული იყოს ყველა, რომ ამ დაპირისპირებაში ყოველთვის თბილისი გაიმარჯვებს“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.