გასული წლიდან დღემდე ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები 31 ქუჩაზე შესრულდა.
ერთ-ერთი რთული პროექტი, გვაზაურის ხევისა და დაისის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები აშენდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 200 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ქუჩის ძირითად ნაწილზე ბეტონის მოეწყო, გარკვეულ მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი იგება.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, ასფალტისა და ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. რელიეფიდან გამომდინარე, გამგეობის კონტრაქტორი კომპანიისთვის საგზაო სამუშაოების შესრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა პროექტი წარმატებით სრულდება და მოქალაქეები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 174 793 ლარია.