„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეთა საკითხი იქნება. სხდომაზე დასწრების მიწვევა გაეგზავნა საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
„დღის წესრიგით განსაზღვრულია სამომავლო გეგმები ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა არის უვადოდ მოსამართლეების გამწესება. ჩვენ უნდა შევჯერდეთ ზოგად პრინციპებზე. ბუნებრივია, იქ იურიდიულ დეტალებში ვერანაირად ვერ შევალთ. ალბათ რაღაც კონკრეტულ პრინციპულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
დღევანდელი სხდომის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე, აგრეთვე კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზეც იმსჯელებენ.